ლურჯი მოცვის, მაყვლისა და ჟოლოს ბაღების სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენების კომპონენტს კენკროვანი კულტურები დაემატა. კერძოდ, აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება 100%-ით სახელმწიფოზეა.
„დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, მოსახლეობას მცირე ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის ნულოვანი დანახარჯი ექნება. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში;
100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
ქვეკომპონენტი განხორციელდება: იმერეთში – საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში; გურიაში – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში; რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში; სამეგრელო-ზემო სვანეთში – წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში; მცხეთა-მთიანეთი – მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.