“ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო“ –  სახალხო დამცველი ციხეში ხანძარზე

რუსთავის მე-17 საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ როცა ცეცხლი გაჩნდა, სამეურნეო ნაწილის პატიმრები გარეთ იყვნენ, თუმცა დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე.

„გავესაუბრე პატიმრებს და ციხის ადმინისტრაციას. მათი განცხადებით, ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა, სერიოზული და დიდი დაკვამლიანება იყო. ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც დაიღუპა, ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, მაგრამ გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა. როდესაც სახანძრო მოვიდა, დაახლოებით 20 წუთს ასახელებენ, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, თვითონ პატიმარმა, რომელიც შიგნით იმყოფებოდა, ჩაამსხვრია შუშა, თუმცა, გისოსები იყო და გარეთ ვერ გამოვიდა.

„საბედნიეროდ, როგორც პატიმრები ამბობენ, კვამლი წავიდა მათ კორპუსის საპირისპირო მხარეს. თუ კვამლი წავიდოდა იმ კორპუსის მხარეს, სადაც შეიყვანეს, გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათ პირველი რეაქცია და თუ ვითარება გართულდებოდა, გადაიყვანდნენ მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორია და გაშლილი ეზოა“ – აცხადებს ლომჯარია.

ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ.

მსგავსი თემები