სამედიცინო დასკვნით, მერაბიშვილი მძიმე მეტალებით მოწამლული არ არის

პენიტენციალური დაწესებულება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოეთიდან მიღებულ სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია.

„ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა. ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე: რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფი”-ს მიერ.

მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ ყველა ზემოთხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე, კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს.

​კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველს, რადგან ივანე მერაბიშვილს ყველა სათანადო გამოკვლევა ჩაუტარდა, რაზეც მედპერსონალის მიერ რეკომენდაცია გაიცა“,- ვკითხულობთ პენიტენციალური დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები