ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძე, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ მაღალჩინოსანს, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავას მოუწოდებს, ნუ გაავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მოქმედი წევრები მის პოლიტიკურ ორგანიზაციაშია გადადიან და აცხადებს, რომ თავად მისცემს უგულავას იმ ადამიანის სიას, რომლებიც “ქართული ოცნებიდან” 2012 წლიდან 2018 წლამდე გავიდნენ ან გაირიცხნენ.
“შემდეგ ჩაატარონ ბრიფინგი, გააბევრონ სხვა ისეთი ადამიანებით, რომლებიც არასდროს ყოფილან „ქართულ ოცნებაში“ და ისევ მშვენიერი ბრიფინგი გამოუვათ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” გაეხვა სკანდალში. უგულავამ ვეღარ უარყო, რომ მის პარტიაში შესულ პირთაგან არც ერთი არ იყო „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი, უფრო მეტიც, ბევრ მათგანს წარსულშიც არ ჰქონიათ შეხება „ქართულ ოცნებასთან“.
მისი ინფორმაციით, გიგი უგულავას გვერდით ედგა პიროვნება, რომელიც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრიდა.
„მეორე, უგულავას გვერდით ედგა ასეთი პიროვნება, გურამ ჭვინტიაშვილი, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღეს „პატრიოტთა ალიანსშიც“ კი აღარ არის. მესამე, არანაკლები სკანდალი, როდესაც ამ განცხადების გაკეთების დროს ოქუაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტმა დამისვა კითხვა ფარცხალაძეზე, რაც საათნახევრის შემდეგ გაიმეორა გიგი უგულავამ. ეს დამთხვევაა თუ ოქუაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფის „ევროპული საქართველოს“ საერთო მესიჯები სად ლაგდება ერთად, ამაზე თავად გასცენ პასუხი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება ქეთევან მაღლაკელიძეს, როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, დაზუსტებული ინფორმაციით, 2012 წელს იყო ყრილობაზე იმ 3 000-მდე ადამიანს შორის, რომელმაც დააფუძნა „ქართული ოცნება“, დღეს მას „ქართულ ოცნებასთან“ აღარანაირი შეხება აღარ აქვს“
„რჩევას მივცემ გიგი უგულავას, ნუ წვალობს ამდენს რომ გადაფაროს ის, თუ თავიანთი წევრები როგორ გაურბიან, მათ შორის, პარლამენტის წევრი მამუკა ჩიქოვანი და ბევრი მათი სხვა წევრი გადადის სხვა დანაყოფში „ნაციონალურ მოძრაობაში.” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ლანჩხუთში, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები მის ორგანიზაციას შეუერთდნენ, და მმართველი პარტიის სხვა წევრებსაც მოუწოდა, მათ პარტიაში გაწევრიანდნენ.