დარიალის ხეობაში 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბი გაიხსნა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაახლოებით 2 კმ-ის სიგრძის გვირაბი აშენდა. 1950-იანი წლებში რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.​

​ახალი გვირაბი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.

დარიალის ხეობაში ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა და გზის ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას საფრთხე შეექმნა. სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი მოჰქონდა.

როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე აცხადებს, გვირაბის გახნის შედეგად, დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი და ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.

„დარიალის გვირაბის გახსნა უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის. შეიქმნა სტაბილური სატრანზიტო გზა და ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა შეძლებს სატრანზიტო ფუნქცია შეინარჩუნოს სტიქიის დროსაც, რაც აქამდე ხშირად იზღუდებოდა. მივესალმები ასეთი მასშტაბური პროექტის უმოკლეს ვადაში დასრულებას”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

​პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მისი განხორციელება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

 

მსგავსი თემები