ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, დღეიდან საპროტესტო აქციებს განაახლებს 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეიდან საპროტესტო აქციებს განაახლებს. იგი უკმაყოფილოა მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნით და მიაჩნია, რომ კომისიის მუშაობის შედეგად ვერ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე, ამიტომ პარლამენტის შენობასთან 10 სექტემბერს, 18.00 საათზე აქციას აანონსებს.

ზაზა სარალიძეს საპროტესტო აქციებში, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი, სუს-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უერთდება. შვილმოკლული მამები მოუწოდებენ მოქალაქეებს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” იმ წევრებს, ვისაც სურს აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენა, მათ აქციებს შეუერთდნენ.

​როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, ეს ბრძოლის ბოლო ფაზაა და აქციებს არ შეწყვეტს მანამდე, “სანამ არ დაინგრევა სისტემა, რომელიც კლავს”.

​თავის მხრივ მალხაზ მაჩალიკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვს, რათა მათ მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც შვილმკვდარი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია.

” მოვითხოვთ, რომ ის ადამიანები, რომლებთან შეხვედრაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა საზღვარგარეთ და რომელიც ჩაშალა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩამოვიდნენ საქართველოში და მათ ამაში ხელი არავინ შეუშალოს. ჩვენ მათ მივაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აჩენს დიდ კითხვის ნიშნებს. სისტემა უნდა დაინგრეს“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

პარლამენტის შენობასთან აქცია 10 სექტემბერს, 18.00 საათზეა ჩანიშნული. მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია არ არის პოლიტიკური და რომ მისი ორგანიზატორები თავად არიან.

მსგავსი თემები