„ქართულ ოცნებას“ ხელთ აქვს  იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე ეს ქვეყნის მართვას სჭირდება“ –  ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არ აყენებს. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება გუნდმა ბიძინა ივანიშვილის ავტორობით მიიღო.

„გადაწყვეტილება მოტივირებული იყო იმ მოსაზრებით, რომ ბატონი ბიძინა, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამ იდეის ავტორი იყო,  მიიჩნევს, რომ გადაჭარბებული ძალაუფლება ხელს უშლის ქართული დემოკრატიის განვითარებას.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მეთაურის პოსტი არ არის პოლიტიკის შემქმნელი პოსტი, ის მაინც მნიშვნელოვანია და როცა „ქართულ ოცნებას“ ხელთ აქვს ძალაუფლება იმაზე მეტი, ვიდრე ეს ქვეყნის მართვას სჭირდება, კიდევ ერთი პოსტის დამატება შესაძლებელია ქართულ საზოგადოებაში აღქმული ყოფილიყო, როგორც აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების სურვილი“ – აღნიშნა ქუცნაშვილმა „მთავარში“

დეპუტატმა მეორე მიზეზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია გასაძლიერებელია: „მეორე არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ ქართული დემოკრატია ვერ განვითარდება ოპოზიციის გაძლიერების გარეშე. მას მიაჩნია, რომ დღეს ქართული ოპოზიცია სუსტია, რაც  კარგი არ არის ქართული დემოკრატიისთვის. ამიტომაც, ოპოზიციისთვის  ასპარეზის მიცემა  დამატებით შესაძლებლობას აჩენს, რომ საკუთარი კანდიდატების წარმოჩინებით ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება შეძლონ“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „მთავარში“.

დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ უმრავლესობაში განწყობა  იყო,  არჩევნებზე  ქართული ოცნება“ საკუთარი კანდიდატით გასულიყო,  თუმცა,  ბიძინა ივანიშვილის არგუმენტებმა და მოსაზრებამ გადაწონა.

„დაველოდებით, რომელი კანდიდატები დასახელდებიან დამოუკიდებელი კანდიდატების სახით.  იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი კანდიდატები მიიპყრბენ ჩვენს ყურადღებას, არჩევანს შესაბამისად გავაკეთებთ. შეიძლება პარტიის პოლიტ საბჭო დაუბრუნდეს ამ საკითხს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად მივიღოთ“ – დასძინა ქუცნაშვილმა.

მსგავსი თემები