დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება   

მმართველი პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრია და ფრაქციიდან გარიცხული არ არის.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა, პარტიიდან მისი გარიცხვის მიზეზი გახდა ის პოზიცია, რომელიც მას გააჩნია მარიხუანის ლეგალიზაციასა და მსგავს საკითხებზე.

დავით ჭიჭინაძის აზრით, ერთმანეთის მიყოლებით მიღებული ამდენი არაპოპულარული გადაწყვეტილება ქვეყნის შიდა სტაბილურობისთვის საზიანოა.

“ჩემი პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში ყოველთვის იყო განსხვავებული. იმ გუნდშიც, ალბათ, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებიც ამას ვერ შეეგუებიან. ჩვენ ვართ ხალხის არჩეული, ჩვენ არ ავურჩევივართ საკონსტიტუციო სასამართლოს. საარჩევნო კამპანიის დროს ვინ პირდებოდა მოსახლეობას ნარკოტიკების ლეგალიზებას. “ქართული ოცნების” არც ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არ მგონია ყოფილიყო საუბარი ნარკოტიკების ლეგალიზებაზე. შეიძლება იყო საუბარი დეკრიმინალიზაციაზე, რაც ასევე რთული თემაა, მაგრამ მარიხუანის ლეგალიზაციას, ალბათ, ადამიანი კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები