ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრა გაიმართება. ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ერგნეთის ფორმატის აღდგენას წინ უძღვოდა კონსულტაციები.

“გასული კვირების განმავლობაში, თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლებისათვის შესაძლებლობის გამონახვისთვის.

ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ.

აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში 2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა, რის შემდეგაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული პოლიციის პოსტის მოწყობა დაასახელა და აღნიშნული საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა.

მსგავსი თემები