„შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ მაქვს, დაკავებული კი ჩემი მეგობარია“ – მოწმე

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება აქტიურ ფაზაში გრძელდება. შსს-ში თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იბარებენ მოწმეებს და იმ პირებს, ვისაც დაკავებულებთან კავშირი ჰქონდათ.

წუხელ გვიან დასრულდა ორი მოწმის დაკითხვა, დაჩი ბუაძე და მორაგბე არჩილ გაგნიძის მეგობარი საბა ჯანკოტაძე შსს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც ბუაძემ განაცხადა, კონკრეტულ საქმესთან მას შეხება არ ჰქონია, თუმცა, დაკავებული არჩილ გაგნიძე მისი მეგობარია.

„შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ მქონია, არც ვიცნობდი. დაკავებული კი ჩემი მეგობარია, ვმეგობრობთ“ – განაცხადა ბუაძემ.

მოწმის სტატუსით დაბარებულების ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ კი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მცხეთაში არ ჩასულან.  

„ამჯერად, დაკითხვის მიზანი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების კუთვნილი მობილური ტელეფონის ამოღება და დალუქვა. არკვევენ რა სატელეფონო ზარები განხორცილდა კონკრეტულ  დღეს. ასევე, ამოიღეს ბიოლოგიური მასალა შემდგომი ექსპერტიზისთვის“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს.“

მსგავსი თემები