“6 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი შემთხვევიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და სულ არის 517 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული 12 დაგვემატა და მთლიანობაში არის 168. პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია, ჩემი სურვილი იქნება, ასე გაგრძელდეს. დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 349 პაციენტი. ჩვენს ცენტრში 42 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 63 გვყავს. გუშინ სამი პაციენტის განმეორებით ტესტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და სამივემ დატოვა კლინიკა. 42 პაციენტიდან უმეტესის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია, ამ ეტაპზე 3 პაციენტი განიხილება, როგორ მძიმე პნევმონიით დაავადებული. მოზარდების რაოდენობა ისევ 11-ია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, 6-დან 1 არის თეთრიწყაროს შემთხვევა, 3 საკარანტინე სივრცედან და მათგან 1 ჩვენთანაა, ეს არის ბოლნისის კლასტერიდან და ორის წყარო არის დაუდგენელი და გრძელდება ახლა ამ წყაროს მოძიება. ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტის მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები