დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა და „მორბენალი მშობიარეები“

  •  

„საკეისრო კვეთის ოპერაცია, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენად ითვლებოდა, პირიქით შედეგი მივიღეთ – დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა გაიზარდა. თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსოფლიოში საკეისრო კვეთების მაქსიმუმი 15% უნდა იყოს, საქართველოში არსებული მაჩვენებელი 44%-ია“ – აღნიშნული განცხადება „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ექიმთა უფლებადამცველმა აღნიშნა, 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა კანონმა უკუშედეგი მოგვცა და დადებითი პროცესების ნაცვლად, „მორბენალი მშობიარეები“ მივიღეთ.

„2016 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც კლინიკებს, საკეისრო კვეთებზე ფიქსირებული პროცენტი დაუწესეს, არ გაამართლა. კანონის მიხედვით, საკეისრო კვეთა არ უნდა გასცდენოდა 40%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს საკეისრო რომც სჭირდებოდეს, ექიმი მას ვერ გაუკეთებს, ვინაიდან 40%-იანი ზღვარის გადაბიჯების შემთხვევაში, კლინიკა ჯარიმდება. ასე გაჩნდა ქართულ რეალობაში ტერმინი – „მორბენალი მშობიარეები“. ქალი ეძებს კლინიკას, სადაც მას საკეისროს გაუკეთებენ“ – აღნიშნა ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით საკეისრო კვეთების მაქსიმუმი ქვეყანაში 15% უნდა იყოს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს.

„საკეისრო კვეთების შემცირება საქართველოში აუცილებელია და ის თუ არ გაუთანაბრდება, უნდა მიუახლოვდეს ყველა შემთხვევაში, „ჯანმოს“ მიერ დაწესებულ ზღვარს – 12-15%-ს, მაგრამ, არა ამ კანონით. ამ კანონმა გამოიწვია კატასტროფული შედეგები – საკეისრო კვეთების პროცენტმა კი არ დაიწია, არამედ გადანაწილდა კლინიკებს შორის. სამაგიეროდ მოიმატა ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობამ და ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა)“ – აღნიშნა ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები