„სასწრაფოს პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრი მთავარის“ კითხვის საპასუხოდ, რომელიც კლინიკების გადატვირთულობას და პაციენტებზე უარის თქმას ეხებოდა, აღნიშნა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არაერთი ბავშვთა საავადმყოფოა და თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს. მისივე თქმით, არაფერი იცის იმის შესახებ, აბრუნებენ თუ არა კლინიკები პაციენტებს უკან.

„შესაძლებელია რესპირაციული ვირუსებით მიმართვიანობა გაზრდილი იყოს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება. ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, ბევრი განყოფილება. თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს. ჩემთვის ცნობილი არ არის, რამდენად აბრუნებენ კლინიკები პაციენტებს. ის მიმართვიანობა, რაც ახლა არის, სასუნთქი სისტემის დაავადებებს ეხება. შესაძლებელია პაციენტმა არ მიიღოს ჰოსპიტალური მომსახურება, თუ მას აქვს ისეთი ვირუსი, რომლის მართვაც ამბულატორიულ დონეზე შესაძლებელია. გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებს სახლში ვერ ვუმკურნალებთ, კლინიკამ უნდა მიიღოს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება იაშვილის კლინიკას, ივანე ჩხაიძის თქმით, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი თემები