,,ჯაფარიძეს წამოსცდა, თითქოს ევროპაში მოისმინა, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარი ომის არდაწყებას უკავშირდება”- თალაკვაძე

,,ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ევროკავშირში სად და რომელ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ომში არ ჩაერთო,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ  ზურაბ ჯაფარიძეს ერთ-ერთ ინტერვის დროს წამოსცდა.

,,ნიშანდობლივი იყო, როცა ზურაბ ჯაფარიძეს ინტერვიუს დროს წამოსცდა, თითქოს ევროპაში მოისმინა, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმა ომის არდაწყებას უკავშირდება. ეს შემაშფოთებელი გზავნილი იყო და საზოგადოებას უნდა აუხსნას, რომელ შეხვედრაზე და ევროკავშირში სად მოისმინა, რომ საქართველოს უარი უთხრეს იმის გამო, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. სხვათა შორის, ომის დაწყებაზე ეს კომენტარი ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს. ასევე მათი სატელიტი პარტნიორების განცხადებებს საზღვარგარეთ. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა, საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, ახალი არ არის. როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვა – საქართველო, ახლა, არსებული მოცემულობით და ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე იმსახურებს თუ არა მხარდაჭერას, კანდიდატის სტატუსს, საკუთარი ქვეყნისთვის უპირობოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას რადიკალური ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი და რაზე ვსაუბრობთ? რატომ გვიკვირს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერც მომავალში მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

მსგავსი თემები