პროკურორის განცხადებით, ლაშა ნაკაიძის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა

პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგელი.

„საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ,” – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა.

„დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ.,” – აღნიშნა პროკურორმა.

როგორც პროკურორი აღნიშნავს,  სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე,” – განახადა ნათია ნოზაძემ.

„მთავარი არხის“ წამყვან ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა – (mcm.ge)

მსგავსი თემები