,,მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება საწვავის ფასის კორექტირება”- ლაშა ხუციშვილი

,,გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება საწვავის ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საწვავის ფასის შემცირება დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

„საწვავის ფასებთან დაკავშირებით ჩვენ სექტორთან გვქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ის ტენდენციები, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. იცით, რომ გასულ კვირას, ფასის შემცირების მიმართულებით მოხდა დაახლოებით 10-თეთრიანი კორექტირება. მოლოდინი არის, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება აღნიშნული კორექტირება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება, 90-95 დოლარის ფარგლებში მერყეობს გასული კვირების განმავლობაში. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ეყრდნობა ის ვარაუდები, მოლოდინები, რაც საწვავის ფასთან დაკავშირებით გვაქვს – ის, რომ აგვისტოს ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ მოხდეს ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები