ევროკავშირს ჩვენგან, საქართველოსგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, დემოკრატია, მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი.
ამასთან, ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, რათა საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელში არის. ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა, სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველას მხრიდან ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და საქართველო წაიყვანოს იმ გზაზე, რომელიც არის საზოგადოების მიერ მოთხოვნილი გზა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ადგილი და ჩვენი ურთიერთობა არის მყარი, მუდმივი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.