,,ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც დამპყრობლებმა გაანადგურეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინული არმია დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას გაათავისუფლებს. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, ყველაფერს, რაც დამპყრობლებმა გაანადგურეს უკრაინა აღადგენს.

„ვთხოვ ყველას, ვისაც აქვს ასეთი შესაძლებლობა, ესაუბრეთ ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის ოლქში. ელაპარაკეთ მათ უკრაინაზე. უთხარით სიმართლე, უთხარით, რომ თავისუფლება იქნება. უთხარით, რომ უკრაინული არმია აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყირიმსაც. უკრაინის დროშა კვლავ აღიმართება იალტის და სუდაკისჯანკოის და ევპატორიის თავზე. ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელმაც მიიტაცა ძვირფასი მიწა ყირიმში, ახსოვდეს: ეს ის მიწა არ არის, სადაც ისინი მოსვენებას ნახავენ. არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელიც ზუსტად იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი გზა გამარჯვებამდე, თუმცა ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დღეს აცნობიერებს, სწორედ ასეთია ჩვენი გზა. ასე დასრულდება ეს ომი. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც დამპყრობლებმა გაანადგურეს, ვოლნოვახადან ჩორტკოვამდე, რადგან ეს უკრაინაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსების ერთ-ერთ ბოლო იერიშს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში ექვსი წლის ბავშვი ემსხვერპლა.

„ექვსი წლის ბიჭუნა მოსკოვის ქუჩაზე როგორც აღმოჩნდა, ასევე იყო რუსეთისთვის საშიში მტერი. ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ბოროტებასთან. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, წინსვლის გარდა, ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას, ჩვენი ოლქებიდან დამპყრობლების განდევნის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ფრონტის სიგანე 2 500 კილომეტრს აღემატება, იგრძნობა, რომ სტრატეგიული ინიციატივა მაინც ჩვენი იქნება. ჩვენ მოვალთ ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა ჩვენს სოფელში, სადაც ჯერ არ არის ჩვენი დროშა. ისინი არ არის ადმინისტრაციულ შენობებზე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული დროშა იქ ძალიან ბევრია, უბრალოდ ისინი ხალხს აქვს სახლებში. ჩვენ ისინი უკვე ვიხილეთ, როდესაც ხალხი დამპყრობლების წინააღმდეგ პროტესტს მართავდა. ჩვენ მათ კიდევ ვიხილავთ ყველგან, როდესაც დავბრუნდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები