„99 ქვეყანაში ბენზინი საქართველოზე ძვირია“ – ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ამშვიდებს

საწვავის ფასის კატასტროფულად მატების გამო გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საწვავი მსოფლიოს 99 ქვეყანაში საქართველოზე ძვირი ღირს.

„მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში. ასევე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რაც შეეხება გაზის ფასებს – გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა, 2-3 კვირის წინ 3 900 დოლარს მიაღწია ათასი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა და თუ გახსენდებათ რამდენს ვიხდით ჩვენ ბუნებრივ აირში?

ეს არის სოციალური გაზი და ეს არის კომერციული გაზი, ვინაიდან ეს კომერციული საიდუმლოებაა კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კონტრაქტები რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, ეს არის ძალიან მიზერული, ვიტყოდი, ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე თუ მესამე ადგილას ვართ გაზის ფასების მიხედვით. ყველაზე იაფი ღირს მთელ ევროპაში გაზი საქართველოში, აზერბაიჯანის შემდეგ“ – განაცხადა პრემიერმა და ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ ყველას, რომ ამ სიტუაციაში, ასეთ კრიზისულ ვითარებაში, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში. ევროპაში 3 900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1 000 კუბური მეტრი გაზი, ჩვენთან ეს დაახლოებით 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე რასაც მოქალაქეები იხდიან. ძალიან დიდი სხვაობაა, კომუნალური გადასახადები არის გაათმაგებული მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება, მინდა, ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, რომლებიც გამოდიან და ტყუილებს ეუბნებიან ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები