„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში“ – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

„ევროპაში 3 900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1 000 კუბური მეტრი გაზი, ჩვენთან ეს დაახლოებით 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე; კომუნალური გადასახადები არის გაათმაგებული მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, ქვეყანაში მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აპრილიდან იგეგმება კონკრეტული მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მშენებლობის წახალისება, დასაქმების პროგრამა და სხვა.

„დავავალე ეკონომიკურ გუნდს, დავიწყეთ მუშაობა, გვსურს, რომ აპრილში დავიწყოთ მშენებლობის წახალისება და გუნდს უკვე მზად აქვს ამის თაობაზე პროექტები, გვინდა დასაქმების პროგრამა დავიწყოთ აპრილიდან ინტენსიურად და სხვა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ვითარებას ქვეყანაში“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები