სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო სემეკმა „ქობულეთის წყალი“ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით, 75 ათასი ლარით დააჯარიმა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ქობულეთის წყალი“ სალიცენზიო პირობებისა და  სემეკის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით – 75 ათასი ლარით  დააჯარიმა.  კომპანიამ ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევა. კერძოდ, კომპანიამ 1 წლის ვადაში არ უზრუნველყო განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება, ამასთანავე, განმცხადებელს დაავალა მიერთებისათვის საჭირო მასალის შესყიდვა, რაც წარმოადგენს კომისიის წესების უხეშ დარღვევას.

განმცხადებლის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევის შესახებ შპს „ქობულეთის წყლის“ განმარტებები კომისიამ მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაავალა, განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა.

შპს „ქობულეთის წყალს“ განემარტა, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, სემეკი უფლებამოსილია კომპანიას გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს.  აღსანიშნავია, რომ კომპანია დარღვევების გამო 2019 და 2021 წლებშიც დაჯარიმდა, რის შესახებაც სემეკის მხრიდან ეცნობა ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც, როგორც კომპანიის მესაკუთრეს. თუმცა, სემეკს  რეაგირების თაობაზე დღემდე მუნიციპალიტეტისგან პასუხი არ მიუღია.

 

მსგავსი თემები