ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ პროდუქციის დეფიციტი არ აქვთ – პანიკური შესყიდვა გრძელდება 

ქსელურ მარკეტებთან განსხვავებით, ჰიპერმარკეტებში პირველადი მოხმარების კვების პროდუქტების დეფიციტი არ არსებობს. როგორც „აგროჰაბის“ დირექტორმა ლაშა გოცირიძემ მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, გაზრდილია მოთხოვნა შაქარზე, თუმცა, დეფიციტი არ აქვთ.

ლაშა გოცირიძე: „მომატებული მოთხოვნაა შაქარზე, თუმცა, ამ ეტაპისთვის, დეფიციტი არც ერთ პროდუქტზე გაგვაჩნია. ყველაფერი გვაქვს საკმარისი ოდენობით. რაც შეეხება ფასს, შაქარი 3.60 ლარი ღირს. ფასი გაიზარდა იმიტომ, რომ მომწოდებელმა გაზარდა. როცა მომწოდებელი ფასს ზრდის, ბუნებრივია, ეს ქსელშიც აისახება“ – გვითხრა ლაშა გოცირიძემ.

კითხვას, რა პროდუქტებს იღებთ უკრაინიდან და რუსეთიდან, რადგანაც, შესაძლოა, ამ ეტაპზე არ იყოს პრობლემა, თუმცა საომარი მოქმედებების გამო დეფიციტი გაჩნდება, გოცირიძემ გვიპასუხა: „ეს დამოკიდებულია მომწოდებლებზე. ჰიპარმარკეტები პროდუქციას იღებენ მომწოდებლებისგან. ჩვენ მარაგი გაგვაჩნია. ახლა პრობლემა და დეფიციტი არ გაქვს, თუმცა, თუ დისტრიბუტორები ვერ შეძლებენ ჩამოტანას საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, და ბუნებრივია, გაუჭირდებათ უკრაინიდან შემოტანა, ან ალტერნატივას შემოგვთავაზებენ, ან, თუ ვერ შემოგვთავაზეს, გაჩნდება დეფიციტი. ეს კი  მარაგის ამოწურვის შემდეგ მოხდება“.

მორიგ კითხვაზე, ალტერნატივა ნიშნავს გაზრდილ ფასს, რადგანაც სხვა ქვეყნებიდან შემოტანა გაცილებით ძვირია, ვიდრე რუსეთიდან და უკრაინიდან, ლაშა გოცირიძის პასუხი  ასეთია: „ასეა, თუმცა, ამ შემთხვევეში, კითხვის ადრესატი მომწოდებელია. ჰიპერმარკეტები მხოლოდ და მხოლოდ იმ სურათს ასახავენ, რასაც მომწოდებლებისგან მიიღებენ. თუ ფასი გაიზრდება, ჩვენთანაც ავტომატურად იზრდება“.

რაც შეეხება არსებულ მარაგს, რესპონდენტი ვერ აკონკრეტებს, რომელ პროდუქტზე რა მარაგი გააჩნიათ.

„ძალიან ინდივიდუალურია პროდუქტიდან გამომდინარე. შესაძლოა, ზოგ პროდუქტზე თვენახევრის მარაგი გვქონდეს, ზოგ შემთხვევაში კი, ერთკვირიანი მარაგი, თუ ეს პროდუქტი ლიკვიდურია.  ეს ძალიან ინდივიდუალურია პროდუქციის ვადიანობდან გამომდინარე. ჯამურად, ჩვენ მარაგი გვაქვს და დეფიციტის ნიშნები არ გვაქვს“ – განაცხადა ლაშა გოცირიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

ჰიპერმარკეტებთან შედარებით, განსხვავებული სურათია ქსელურ მარკეტებში, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები უკვე დეფიციტია და დახლებიდან გაქრა. ხოლო იქ, სადაც შემორჩა, ფასი კატასტროფულად გაიზარდა.

შაქარი და წიწიბურა დახლებიდან გაქრა, შიშით მოსახლეობა ყველაფერს იმარაგებს  

მსგავსი თემები