“სააკაშვილის მეთოდების გამეორებით, ცუდად დასრულდება ეს პროცესი” – ეკა ბესელია 

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ბოდვას უწოდებს.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, 2 დღის წინ აფრთხილებდნენ, რომ მის წინააღმდეგ “რაღაც სიბინძურე” მზადდებოდა.

“არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორებით, ცუდად დასრულდება ეს პროცესი. მეღიმება, ეს რამ მოაფიქრათ”, – წერს ეკა ბესელია.

დეპუტატი, ანალიტიკოს გია აბაშიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და განმარტავს, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის” მფლობელ ზაზა ოქუაშვილს პირადად არ იცნობს. ასევე, იმედოვნებს, გია აბაშიძე ვინმეს დავალებით არ მოქმედებს.

“ამას ბოდვაც აღარ ჰქვია. არ მინდა ვიფიქრო, რომ დაავალეს და ეს სიბინძურე დააწერინეს ( ასეთად არ ვიცნობდი). 2 დღის წინ გამაფრთხილეს შანტაჟისთვის ამზადებენ, რაღაც სიბინძურეს და მზად იყავიო. იმდენი ბრძოლა მაქვს გადატანილი, რა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ეს ოქუაშვილი რატომ ახსენეს ვერაფრით მივხვდი. არც ვიცნობ პირადად. ვერც შინაარსში შევდივარ იმდენად დიდი სისულელეა. მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში, 6 იანვარს ვბრუნდები და ყველა, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, მზად ვარ ღიად პირადად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოჰყვეს”, – წერს ეკა ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მსგავსი თემები