„კომპეტენტური ახალგაზრდების ადგილზე დასაქმების გარეშე გამოწვევები გამოწვევებად დაგვრჩება“ – გურამ მაჭარაშვილი  

საქართველოს პარლამენტში, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კომპეტენტური რესურსისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანების, ახალგაზრდების ადგილზე დასაქმება მუნიციპალიტეტების განვითარებისა და გაძლიერებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.  წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული ინიციატივები და მცდელობები კონკრეტული ეფექტისა და შედეგის მომტანი ვერ იქნება და გამოწვევები გამოწვევებად დარჩება.

გურამ მაჭარაშვილი მოქალაქეებთან დიალოგის ახალ ფორმატს იწყებს. ინიციატივის შესახებ მან ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ფორუმზე განაცხადა.  მაჟორიტარის ბიურო ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებისა და საჭიროებების მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული, თუმცა, ახალ ინიციატივას მოქალაქეებთან თემატური და მიზნობრივი მიმართულებები ექნება.

როგორც “მთავარს” გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ახალი ფორმატი იმით არის განსხვავებული, რომ მოსახლეობასთან თემატური შეხვედრები დაიგეგმება, რომელიც კონკრეტულ მიზანსა და შედეგზე იქნება გათვლილი. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი სოფლებისა და თემების გაძლიერებაა, რადგან, მისივე აზრით, ევროპული განვითარების ფუნდამენტს სწორედ ძლიერი მმართველობები წარმოადგენენ.

დეპუტატი აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს და ამბობს, რომ მათი ქვეყნიდან გადინების შეჩერება და ადგილზე დასაქმება თვითმმართველობების სიძლიერის გარანტია: “თვითმმართველობის სრულფასოვნად განსახორციელებლად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების აქტიურობა და მათი მიგრაციის შეჩერება. სწორედ ენერგიულმა, თანამედროვე განათლების მქონე და მოტივირებულმა ადამიანებმა უნდა შეუწყონ ხელი ეფექტიანი თვითმმართველობის შექმნას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

​მისივე აზრით, დეცენტრალიზაცია სახელმწიფო მმართველობის პრიორიტეტია, რადგან, ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და მოქალაქეთა გააქტიურებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩნდება ახალი ინიციატივები, იდეები და პროექტები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადგილობრივ საჭიროებებთან. ინიციატივაში, რომელიც მოქალაქეებთან დიალოგის ახალი ფორმატს გულისხმობს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

 

მსგავსი თემები