„გამოსაძიებელი არაფერია“ – არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ცდილობენ რაღაც მოიფიქრონ, რომ პარლამენტში შესვლა გაამართლონ“ –  ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

თალაკვაძე ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გასასამართლებლად მოიგონა.

„როგორც ჩანს, ეს არის საბაბი, რომ თავის მხარდამჭერებს არა პირდაპირ უთხრან სიმართლე, რომ აუცილებელია პარლამენტში შესვლა და ამას ითხოვს საზოგადოება, ამას ითხოვენ და ურჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ კიდევ რაღაც საკითხი მოიფიქრონ, თუ რით შეიძლება გაამართლონ პარლამენტში შესვლა და მუშაობა.

ოპოზიციას თვითონ შეუძლია რომ შექმნას კომისია. ის, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, გამოძიება ამაზე ჩატარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე აქვს ნათქვამი, რომ სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ, მისი ხელმძღვანელობით, მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძიმეს კანონდარღვევებში, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. ამიტომ აქ გამოსაძიებელი არაფერია. სხვა საქმეზე, მაგალითად, გადაკვეთა თუ არა საზღვარი მიდის სასამართლო პროცესები. ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

მსგავსი თემები