„ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი, დაცინვა და ქილიკი პასუხი არ არის“ – სალომე ზურაბიშვილი

  •  

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ყოფნასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და სახელმწიფო უწყებებს მიმართავს. მისი შეფასებით, სწორედ მათ უნდა გასცენ პასუხი საზოგადოებას და არა პოლიტიკურმა პარტიებმა.    

„არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში. ეს იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა, ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი, ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილი პოლარიზაციის წინაპირობას.

ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს. არამედ, ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე და  ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა რამის მზადება.

მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის ის, რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან, ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არ მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით.

პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს, საითკენ შეიძლება, მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს, თუკი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო, მჯერა, არ დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგისა და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ.

ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები