ხელისუფლება ხალხს უმადურად ექცეოდა 6 წლის განმავლობაში – გიორგი ლომია არჩევნების შედეგებზე

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ გამორიცხავს, თუმცა მიაჩნია, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი მმართველობის 6 წლის განმავლობაში იმას მიაღწია, რომ ხალხს დაავიწყა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებები.

28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეფასებისას გიორგი ლომია აცხადებს, რომ საზოგადოებამ გააკეთა ის არჩევანი, რასაც იმსახურებდა ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის იმის შედეგი, რომ “ოცნება” იმ ადამიანებს მოექცა უმადურად, რომლებიც მასთან ერთად იბრძოდნენ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და დღეს ისინი კვლავ ბარიკადებზე აღმოჩნდნენ.

“პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიაზროთ თუ რა მოხდა გუშინ. ხალხმა, საზოგადოებამ გააკეთა ის არჩევანი, რაც ეკუთვნოდა ამ ხელისუფლებას. ეს არის უმადურობის შედეგი. ხელისუფლება ხალხს უმადურად ექცეოდა 6 წლის განმავლობაში. ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, დღესაც რატომღაც ბარიკადებზე აღმოჩნდნენ და ის ადამიანები, ვინც ხელკეტს ურტყამდა, აუპატიურებდა, კლავდა ადამიანებს, დღეს დაწინაურდნენ და ისევ ინარჩუნებენ თავიანთ ადგილებს. რა თქმა უნდა, შეაფასა საზოგადოებამ ამათი დამოკიდებულება ხალხის მიმართ და თავისი არჩევანი გააკეთა. დაახლოებით, 770 ათასმა კაცმა მისცა „ნაცმოძრაობას“ თავისი ხმა“, – განაცხადა ლომიამ.

 

მსგავსი თემები