უფლებადამცველი “ყაზტრანსგაზ თბილისის” მენეჯმენტის გადადგომას მოითხოვს

თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების ადვოკატი, უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე, კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისის” მენეჯმენტის გადადგომას მოითხოვს და საზოგადოებას აქტიური საპროტესტო კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდებს.

​როგორც ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანიის მენეჯმენტზე პასუხისმგებლობა, თბილისელებისთვის ნდობით აღჭურვილმა პირებმა უნდა აიღონ.

“სანამ უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული, “ყაზტრანგაზის” მენეჯმენტი საერთოდ უნდა მოიხსნას და კომპანიის მართვის პასუხისმგებლობა საზოგადოების ნდობით აღჭურვილმა პირებმა აიღონ. ფაქტია, რომ “ყაზტრანსგაზის” მუშაობით საზოგადოება შეშფოთებულია და უამრავი გარდაცვლილია ჩვენს ქალაქში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს კლავს არა გაზი, არამედ კომპანია. მოვუწოდებ თბილისის საზოგადოებას, დღეიდან დაიწყოს აქტიური კამპანია “ყაზტრანსგაზ თბილისის” წინააღმდეგ. პრევენციის სახით, ისინი არც ერთ ღონისძიებას არ მიმართავენ. მოქალაქეების გარდაცვალებას არქმევენ უბედურ შემთხვევას და ასეთი უბედური შემთხვევით უამრავი ადამიანი იღუპება”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

იგი კომპანიას მიზანმიმართულ გულგრილობაში ადანაშაულებს და მხუთავი აირით ადამიანების გარდაცვალებაში პირდაპირი პასუხისმგებლობას აკისრებს. 

“ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არის მიზანმიმართული გულგრილობა და დანაშაული, რომელსაც “ყაზტრანსგაზ თბილისი” ახორციელებს თბილისელების წინააღმდეგ. მათი გულგრილობით და მათი არ განხორციელებული სამუშაოებით ხდება ის, რომ ჩვენს ქალაქში უამრავი მსხვერპლია გაზით გაგუდული,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

​მისი თქმით, “ყაზტრანსგაზ თბილისის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარებული 89 ოჯახის წევრები. ამჟამად მიმდინარეობს  მათი მატერიალური და მორალური ზარალის დათვლა. 

“იმედია “ყაზტრანსგაზ თბილისი” ამის შემდეგ მაინც მოვა გონს”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მსგავსი თემები