ზაზა სარალიძის პროტესტი უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს – ალეკო ცქიტიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განიხილებოდეს, რადგან მისი ქმედება, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხო რეაქცია იყო.

საუბარია 2018 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე, ზაზა სარალიძესა და პოლიციის თანამშრომელს შორის დაპირისპირებაზე, რა დროსაც  სარალიძე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სარალიძის უფლებების დამცველებმა განაცხადეს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ პროცესებმა სამართლებრივ რეჟიმში გადაინაცვლოს. ამ მიზნით, ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.    

ალეკო ცქიტიშვილის თქმით,​ საუბარი აღარ არის უკვე ერთ საქმეზე. დაირღვა ადამიანის უფლებები მაშინ, როდესაც სახელმწიფო შვილმკვდარ მამებს არ აძლევდა უფლებას რუსთაველის გამზირზე კარვები გაეშალათ.  მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ამ ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა. 

​მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. საქმის განხილვა უკვე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. დაზარალებული მოითხოვს დაისაჯოს მკვლელი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიცემული პასუხისგებაში.

“ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ დიდი მღელვარება მოჰყვა ამ საქმეს, კონკრეტულად იმ სისტემურ პრობლემებს, რაც საგამოძიებო ორგანოებში არსებობს. ამ პროტესტმა გამოიწვია მთავარი პროკურორის გადადგომა, პარლამენტში კომისიის შექმნა და მთელი რიგი თანმდევი პროცესები. იმავე დროს, გამრავლდა იმ საქმეების რიცხვი, რაშიც “ადამიანის უფლებათა ცენტრი” არის ჩართული, როგორც დაზარალებული მხარის ინტერესების დამცველი. პოლიციელებმა გაიტაცეს კარვები და ეს კადრები საზოგადოებამ ტელევიზიით ნახა. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ამის ჩამდენი პოლიციელები მიეცნენ პასუხისგებაში. ამასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ პროკურატურას. იმავე დროს, სახელმწიფო ედავება ზაზა სარალიძეს, რომ ის თავს დაესხა პოლიციელს. ჩვენ ამ ბრალდებას არ ვეთანხმებით. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს ერთობლივი მიმართვა და მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი. სარალიძის ქმედება მოჰყვა სწორედ მისი უფლებების დარღვევას. ზაზა სარალიძე უდანაშაულოა ამ საქმეში”, – აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი. 

 

მსგავსი თემები