დაზარალებული მომხმარებლები, რომლებსაც ათასობით ლარის ღირებულების ამანათი დაუკარგეს, „ფოსტალონს“ უჩივიან

დაზარალებული, მოტყუებული, „გადაგდებული“ მომხმარებლები კომპანია „ფოსტალონს“ უჩივიან. კომპანიამ, რომელსაც ამანათები ამერიკიდან საქართველოშ უნდა ჩამოეტანა, ძვირადღირებული გზავნილი არაერთ მომხმარებელს დაუკარგა, პასუხისმგებელი კი არავინაა. „კონკურენციის ეროვნულმა კომისიამ“ დაზარალებული მომხმარებლების საჩივრის საფუძველზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

ისტორია  ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანია USA2GEORGIA-ს მსგავსია, რომელმაც მომხმარებლები დააზარალა. „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ მოკვლევის საფუძველზე პასუხისმგებლობა თავად კომპანია USA2GEORGIA-ს დაეკისრა.

რაც შეეხება კომპანია „პოსტალონს,“  საკმარისია მის სოციალურ გვერდს გადახედოთ, კომპანიის იმიჯსა და საქმიანობაზე წარმოდგენა ნათელია. აი, რას წერენ დაზარალებული მომხმარებლები.

„გამარჯობათ, ამანათი უნდა გამოგზავნილიყო აშშ-ს საწყობიდან 2 იანვარს და ჩამოსულიყო 11 იანვარს. თუმცა, ამანათი დღემდე არ ჩანს; არ არის მითითებული გამოგზავნის და აქ ჩამოსვლის ახალი თარიღი. თქვენი ოპერატორები 2 კვირაა პასუხობენ, რომ არ იციან როდის შეიძლება ჩამოვიდეს და სხვა ინფორმაციას ვერ/არ მაწვდიან. არც მეილებს პასუხობთ. აქამდე კითხვა მქონდა, რატომ გვიანდება და როდის ჩამოვა ჩემი ამანათი? ახლა სხვა კითხვა მაქვს: თუ ვერ ჩამოგაქვთ ამანათები და არც ინფორმაციას ფლობთ ამანათების სავარაუდო ჩამოსვლის შესახებ, კიდევ რატომ არსებობს თქვენი კომპანია და რა ფუნქციას ასრულებთ?!“…

„ველოდები პასუხს მეილზე სასწრაფოდ მიპასუხეთ თუ იცით რას ნიშნავს საერთოდ მეილზე პასუხის გაცემა!!!!!! რამე შეთავაზებას საერთოდ რა ნამუსით დებთ ამდენი ხალხს შეუქმენით პრობლემა და ეგ ვერ მოგიგვარებიათ“…

ეხლა თურქეთიდან უნდა მოატყუოთ ხალხი?ამერიკიდან ნოემბერში გამოგზავნილი დღემდე არ ჩამოსულა ამანათი“…

„სად არის ჩემი ამანათი, რომელიც გამოიგზავნა ამერიკიდან და აქ უნდა ყოფილიყო 21 იანვარს, დღეს არის 27 იანვარი“…

„ყველაზე უპასუხისმგებლო და არაფრის მაქნისი კონპანიაა, 2 თვეა ამანათი ვერ გამოაგზავნეს ამერიკიდან და ვერც პასუხს ვერ გცემენ როდის გამოიგზავნება, არავინ არაფერი არ იცის თქვენი სერვისით სარგებლობის პირველი და უკანასკნელი პრეცედენტი იყო“ …

„თქვენზე უპასუხისმგებლო კომპანიას იშვიათად თუ შეხვდება კაცი…2 ამანათი რომლებიც მიიღეთ და სტატუსში გამოგზავნილი ეწერა აღმოჩნდა, რომ გამოგზავნილიც არ არი…ყოველ შემთხვევაში ესე მპასუხობს თქვენი ოპერატორი, ხოლო დანარჩენი 2 ამანათი დაკარგეთ და ამტკიცებთ არ მიგვიღიაო…სამარცხვინოა!!!“…

„ვინმეს ჩამოგდით ამანათები ამერიკიდან? 2 ამანათი მიიტანა USPS-მა 1 პატარა და ერთი დიდი ყუთი და ჯერ არ სახავენ სისტემაში. კომენტარებს გადავხედე და ვერცერთი კმაყოფილი მომხმარებელი ვერ ვიპოვნე“…

ახლა კი, ერთი კონკრეტული ისტორია, როცა მომხმარებლის მიერ ნაყიდი 1800 დოლარიანი პროდუქტი „ფოსტალონის“ ოფისში მიიტანეს, კომპანია კი ამტკიცებს, რომ ამანათი ჩაბარებული არ არის.

„გამოვიწერე ვიდეოკამერა, შტატივი და მიკროფონი.  გადამზიდავ კომპანიად,  რომელსაც ამანათი თბილისში უნდა ჩამოეტანა, მივითუთე კომპანია „ფოსტალონი“. მისამართის მითითებამდე, ფოსტალონში გადავამოწმე მისამართი და მითხრეს რომ სწორია, ამ მისამართზე უნდა გამოიგზავნოს ამანათი. ამანათი მითითებულ მისამართზე მიიტანეს 24 დეკემბერს, რაც ელექტრონულადაც გადავამოწმე და შეტყობინებაც მომივიდა, რომ მიტანილია. შევავსე დეკლარაცია ინვოისის მიხედვით, თუმცა, ფოსტალონის საიტზე არ აისახა, რომ ჩემი ამანათი მიტანილია.

მივწერე სოციალურ ქსელში, რამდენიმე წერილი გავგზავნე, დავრეკე კიდეც, თუმცა, არ მიპასუხეს, რამდენიმე დღის შემდეგ გამცეს პასუხი, რომ ამანათი არ მიუტანიათ. გადავუგზავნე დოკუმენტები რომ ამანათი 24-შია მიტანილი. თუმცა, სოციალურ ქსელში პასუხი არ გამცეს. მივედი თბილისის ცენტრალურ ოფისში. ვუთხარი რომ უპასუხისმგებლოები არიან, რადგან წერილებს არ პასუხობენ და ოფისში მომიწია მისვლა და მოვითხოვე ჩემს ანამათზე ინფორმაცია, მითხრეს რომ არ არის მიტანილი.

დავუკავშირდი ისევ მაღაზიას და მოვთხოვე დამადასტურებელი დოკუმენტები, არაერთ წერილი მივწერე, სადაც ვითხოვდი გამოეგზავნათ დოკუმენტი რომ ნამდვილად მიიტანეს მითითებულ მისამართზე ამანათი. გამომიგზავნეს ყველა დოკუმენტი, როდის მიიტანეს, სად მიიტანეს და ვინ ჩაიბარა. გამომიგზავნეს ხელმოწერილი დოკუმენტი, თან ამიხსნეს, რომ ამანათი მიტანილია კონკრეტულ მისამართზე. ეს დოკუმენტი რომ წარვუდგინე ფოსტალონს, მიმტკიცებენ, რომ ამანათი ვინც ჩაიბარა მათი თანამშრომელი არ არის.

ვკითხე, აბა კურიერმა ქუჩაში დატოვა-მეთქი ამანათი, და ასეც ხდებაო, ჩვენს ოფისში არ მოუტანიათო. რომ შევაწუხე, შემდეგ მითხრეს, რომ ხდება ხოლმე, ირგვლივ სხვა ოფისებიცაა და ამანათი იკარგება. გვიპოვია კიდეცო და მივძებნითო თუ გამოჩნდაო, თუ არა, ჩვენ არ ვართო პასუხისმგებელი. მას მერე ვწერ და არანაირი პასუხი. ამანათი არის საკმაოდ ძვირადღირებული 1800 დოლარამდე“ – დაზარალებული მომხმარებელი.

პოსტალონის“ მიერ დაზარალებულ მომხმარებელთა რიცხვი საკმაოდ ბევრია. დაზარალებულებს ამჯერად „კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ და შემდგომში სასამართლოს იმედი აქვთ, რომ ყველამ საკუთარ დანაშაულზე პასუხი აგოს.

 

 

მსგავსი თემები