“ქართულ ღვინოში არის ელეგანტური ტანინები და ინდივიდუალიზმი, სწორედ ამას ვეძებთ” – ლიზა გრანიკი

ღვინის მაგისტრი, ამერიკული კომპანია Tastingwork-ის ხელმძღვანელი ლიზა გრანიკი, ამერიკელ სომელიეებთან ერთად საქართველოში ქართულ ღვინოს ეცნობა. ლიზა გრანიკის კომპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორია. ტურის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები ღვინის მწარმოებელ 20-მდე კომპანიასა და მარანს ეწვევიან.

ღვინის ტურის ერთ-ერთი დღე ქვემო ქართლს დაეთმო, რომელიც საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც დღეისთვის ქვევრში ღვინოს 25 მცირე ღვინის მარანი აწარმოებს.

ლიზა გრანიკის შეფასებით, ბოლნისში წარმოდგენილი ღვინოებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია რქაწითელი და თავკვერი.

„ამ ღვინოებს ისეთი მახასიათებლები აქვს, რაც განსაკუთრებულს და განსხვავებულს ხდის. რქაწითელს აქვს ინდივიდუალიზმი, რაც ყველა ბოლნისური ღვინის მახასიათებელიცაა. ჩემთვის მათი დაგემოვნება მართლაც ამაღელვებელი იყო. რაც შეეხება თავკვერს, ის არის კარგად დაბალანსებული, მასში არის ელეგანტური ტანინები და ამ ადგილის ინდივიდუალიზმი, ჩვენც სწორედ ამას ვეძებთ: ღვინოებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალიზმი და გამოხატვის უნიკალურობა”, – განაცხადა ლიზა გრანიკმა.

მისი თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან გავლენიანი სომელიეები აშშ-დან, რომლებიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ რესტორნებთან თანამშრომლობენ. ბოლნისელი მეღვინეების შეფასებით, ღვინის პროფესიონალების ვიზიტი ხელს შეუწყობს მათი ღვინოების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. მათი მხარდაჭერით, ბოლნური ღვინო არაერთ გამოფენა-დეგუსტაციაზე იყო წარმოდგენილი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლნისში სტუმრები რამდენიმე მწარმოებლის ღვინოებს გაეცნენ. ღვინის მაგისტრზე და სომელიეებზე რეგიონის ღვინოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

მსგავსი თემები