ბაგა-ბაღებისა და სკოლების მიმდებარედ ჰაერში ტყვიის შემცველობას იკვლევენ

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობაზე მონიტორინგი საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახორციელა. სპეციალისტებმა ჰაერის სინჯები თბილისში, 4 ადგილიდან აიღეს: მეტროსადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სააკაძის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და წერეთლის გამზირზე N166-ე საჯარო სკოლასთან.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვები ნორმის ფარგლებს.

მათივე ინფორმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება ყოველკვირეული კვლევა თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. ყოველკვირეულად სპეციალისტების მიერ წინასწარ შეირჩევა შესაბამისი ადგილები, სადაც განხორციელდება კვლევები, ხოლო შედეგები აისახება ერთიან ყოველკვირეულ ანგარიშში.

​თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციებიც გაიზომა, რის შედეგად, ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) გადაჭარბებული კონცენტრაციები დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ​მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში 1.1-ჯერ, ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ. ასევე, დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც სააგენტოს წარმომადგენელთა განმარტებით, არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

მათივე ინფორმაციით, PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება 30 სექტემბერს მხოლოდ ბათუმში აღინიშნა კონცენტრაციის 1.1-ჯერ გადაჭარბება. პირველ ოქტომბერს კი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დაფიქსირდა PM10-ის კონცენტრაციის 1,2-ჯერ ნორმაზე გადაჭარბება, ხოლო წერეთლის გამზირზე მისი კონცენტრაცია უმნიშვნელოდ აღემატებოდა ნორმას.

“PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-დასავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი თემები