ტაქსის მძღოლს, რომელმაც უკრაინელი ქალი სცემა 3 წლით პატიმრობა ემუქრება

ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები.

“ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს,” – აცხადებენ სამინისტროში.

ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები