უკანონოდ, სახლებში თუ გადამალულ ადგილებში განთავსებული სამხერხაოები ქვეყნის ერთ-ერთ პრობლემად რჩება. ამ მხრივ, სვანეთი და სამცხე ჯავახეთი ლიდერობს, სადაც კუსტარულად დამზადებული სამხერხაოები თითქმის ყველა ოჯახშია. შედეგად კი ნადგურდება ის იშვიათი ჯიშებიც კი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, უკანონო სამხერხოების აღმოჩენა მარტივი საკითხი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ყველამ ყველაფერი იცის, შესაბამის სამსახურებს არ ატყობინებენ.
„ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება შარშანაც და წელსაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად რჩება. ცხელი რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და გახსოვთ ალბათ რამდენიმე თვის წინა სვანეთში მომხდარი ამბები, სადაც უკანონო სამხერხაოები და დიდი ოდენობით სამასალე ხე-ტყე აღმოჩნდა. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ჩვენ ვამკაცრებთ კანონმდებლობას სახერხების კუთხით. ეს თემა შეიძლება 2 ნაწილად გავყოთ, ერთია შეშა და მეორე – ე.წ. სამასალე ხე-ტყე, რომელიც შემდეგ იხერხება და ბიზნესადაა ქცეული. არგუმენტი, სხვა რა გავაკეთოთ, ვერ გამოდგება თავის სამართლებრივად. ამ არგუმენტით, ნებისმიერი ქმედების ჩადენა და გამართლება შეიძლება. სვანეთში, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმს, ძალიან ბევრია ამით დაკავებული და დიდი საშუალებაა, კანონიერი წესით მოხდეს ხე-ტყის დამზადება“ – განუცხადა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.
რაც შეეხება ულიცენზიო, თვითნებური სამხერხაოების რაოდენობას, როგორც რესპონდენტი გვეუბნება, მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს.
„მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს. ვინაიდან ეს არის უკანონო ქმედება, არ რეგისტრირდება. შესაბამისად, რამდენია, ვერავინ გეტვით. რომ ვიცოდეთ რომ არის სადღაც, სტატისტიკა კი არ უნდა ვაკეთოთ, რეაგირება უმდა მოვახდინოთ. საქართველოს მასშტაბით მთლიანად, 759 სახერხი საამქროა რეგისტრირებული. რეგისტრაციის გარეშე სამხერხაოს მუშაობა პირველივე ჯერზე სს დანაშაულია“ – აღნიშნა მუნკიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი, კუსტარულად დამზადებული სამხერხაოები სახლებში აქვთ გახსნილი და შესაბამისად, მათი აღმოჩენა მარტივი არ არის: „საკმოდ რთულია ამ სახერხების მიგნება. რამდენიმე ვარიანტია, ერთი – ვახორციელებთ 24 საათიან პატრულირებას და ასე ხდება გამოვლენა. ეს არ ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ცენტრალურ უბნებში მოძრაობს. ეკიპაჟი გადაადგილდება იმ ადგილებში, სადაც ეჭვია, რომ შესაძლოა, ხდებოდეს დარღვევები. საკმაოდ რთულია სახერხების აღმოჩენა, ვინაიდან ეს. 99%-ში არის კუსტარულად შექმნილი დანადგარი, მათ შორის სახლებშიც. სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა ყველამ იცის, მათ შორის მეზობლებმაც, თუმცა, იშვიათია, როცა ამის შესახებ გვატყობინებენ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ გვქონია ასეთი შეტყობინება. მათ მიერ განადგურებული ხე-ტყის ოდენობა ცოტა ნამდვილად არ არის. როცა ბრაკონიერი ჭრის ხეს, მისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს, ეს ჯიში წითელი ნუსხითაა დაცული თუ არა. გვაქვს შემთხვევები, როცა ხდება წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო ჭრაც. თუმცა, მიდგომა მსგავსი ფაქტების მიმართ უფრო მკაცრია,“ – აღნიშნა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, გამოვლენილია უკანონო ტყით სარგებლობის – 1143 ფაქტი. მათ შორის, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის – 882 შემთხვევა და , სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის – 588 ფაქტი ((მათ შორის, 192 არარეგისტრირებული სახერხი).