საქართველოში ყალბი ევროების გასაღებისთვის უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

ყალბი ფულის დიდი ოდენობით გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს. მათ 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. უკრაინის მოქალაქეები დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე აიყვანეს. ერთი დაკავებული დაბადებულია 1994 წელს, მეორე კი 1989 წელს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის – ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები