შსს-მ ზუგდიდში სროლისთვის ეჭვმიტანილები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ზუგდიდში ის ადამიანები დააკავეს, რომლებმაც საოლქო საარჩევნო კომისიაასთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში სროლის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 2 პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. „გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან, გუშინ გასროლა მოხდა. „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინფორმაციით სროლა კომისიის წევრის დასაშინებლად განხორციელდა. კომისიის წევრმა ის ადამიანი გადაიღო, ვინც გაისროლა და შემდეგ მანქანით გაიცა.

მსგავსი თემები