საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიორგი გახარიას ხუთი წუთის განმავლობაში უსვამდა კითხვას და რვა ტყუილის თქმა მოასწრო.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს დემაგოგიურ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.
„ხუთი წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან, ჩვენ დავთვალეთ და ამ ხუთი წუთის განმავლობაში მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად ნათელია, რომ აქ დემაგოგიის გარდა არაფერთან გვაქვს ჩვენ საქმე. რეგლამენტის თანახმად, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს. ის პარლამენტში მობრძანდა და გასცა პასუხი თუნდაც ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ ძალიან საკადრისი პასუხი მიიღეს ამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.