პარტიზანული მოძრაობისას გატაცებებს და მკვლელობას ვერავინ ბედავდა, ეს მოსკოვის პოლიტიკაა – გია გვაზავა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკვეთრი ნაბიჯებია გადასადგმელი. ქართულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კიდევ უფრო მკაცრი სანქციები უნდა მოითხოვოს, რადგან ადამიანების გატაცებამ უკვე სისტემატური სახე მიიღო.

როგორც გია გვაზავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ საზღვარზე ადამიანებს საშინელ მდგომარეობას უქმნიან. გამოსასყიდის საფასურად იტაცებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აწამებენ. ვითარება შესაძლოა 2 მიმართულებით დაიძაბოს. ერთი – იქ მცხოვრებმა ადამიანებმა მიატოვონ საკუთარი საცხოვრებელი, ან მონობას შეეჩვიონ, ან გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც საპასუხო ნაბიჯს გადადგამს და პარტიზანულად მოქმედებას დაიწყებენ.

“​მესმის, რომ საქართველო აკეთებს იმას, რაც შეუძლია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საუბედუროდ საქართველო და მისი პოლიტიკა დამოკიდებულია საერთაშორისო ორგანიზაციებზე. მათ წონაზე, მათ ნაბიჯებზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ ისინი ყოველთვის საქმის კურსში ჩავაყენოთ. მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. საჭირო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, ისინი იდგმება, მაგრამ ისეთ აგრესოთან გვაქვს საქმე, რომლისთვისაც კანონები არ არსებობს. ხომ ხედავთ, მთელი მსოფლიო სანქციებს უწესებს, მაგრამ ის თავისას არ იშლის, გინდა ყირიმში, გინდა დნესტრისპირეთში. აღარაფერს ვამბობ საქართველოზე. ეს ყველაფერი გროვდება და ამან შესაძლოა, ოდესღაც მძიმე შედეგი გამოიღოს”, – აცხადებს გია გვაზავა.

მისივე თქმით, პარტიზანული მოძრაობის დროს, ე.წ საზღვრის დამცველები მსგავს ქმედებას ვერ ბედავდნენ და ვითარება გაწონასწორებული იყო.

“შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ მე პარტიზანული მოძრაობის აღდგენაზე ვსაუბრობ. ამაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი გზა არის მშვიდობიანი თანამშრომლობა აღიარების გარეშე, მე ამაში მოსკოვის გარდა სხვა ხელს ვერ ვხედავ, ამას აკეთებს მოსკოვის პოლიტიკა. ამიტომ, უნდა მოვთხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უფრო მეტად ეფექტიანი საერთაშორისო სანქციების გატარება მოვთხოვოთ. კავკასიის მიმართ მეტად გააქტიურდეს მათი პოლიტიკა”, – აცხადებს გია გვაზავა.

მსგავსი თემები