“თავი მოიკლა თუ არა, სადაო არ უნდა იყოს, თუ ასეა, თვითმკვლელობამდე ხომ მიიყვანეს” – გია გვაზავა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას, გალში დაღუპული, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ  ყველაზე მინიმუმ ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. 

როგორც გია გვაზავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით ბევრი საეჭვო მომენტია. უპირველეს ყოვლისა, დაკავებულ ადამიანს არასდროს ტოვებენ ოთახში მარტო, ეს წესია. ასევე, უნდა ჩამოართვან ისეთი საგნები, როგორიც არის ქამარი და სხვა, რომ მან არ შეძლოს თავის მოკვლა. 

“აქედან ჩავიდა ადამიანი გალში და მათ საგუშაგოზე თავი მოიკლა, ეს არასერიოზულია. ყველაზე მინიმუმ ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, სინამდვილეში რა მოხდა ექსპერტიზა უფრო ზუსტად გვეტყვის”, – აცხადებს გია გვაზავა. 

​მისივე თქმით, არ შეიძლება ასეთი დანაშაული მის ჩამდენებს შერჩეთ.

გალში გარდაცვლილ, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას 17 მარტს, სენაკში დაკრძალავენ. ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს.

თბილისში ჩატარებულმა პირველადმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას კისრის არეში დაზიანებები ჰქონდა. არსებობს ვარაუდი, რომ ის ოკუპანტებს წამებისას შემოაკვდათ.




მსგავსი თემები