“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება სულ უფრო რეალურია – კობა დავითაშვილი

პოლიტიკოსი, “ხალხის პარტიის” ლიდერი, 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი კობა დავითაშვილი  სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” მმართველობის ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2013 წელს მმართველი კოალიციის რიგების დატოვების გადაწყვეტილება სწორედ მმართველი გუნდის მისთვის მიუღებელ პოლიტიკას უკავშირდება. 

კობა დავითაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თავის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე და სასამართლო რეფორმაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, “ქართულ ოცნებას”, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ქვეყანა იმ კურსით მიჰყავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური ხდება.

“ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების წაგებული პირველი ტური. დავინახეთ ერთი რამ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ხალხის გზავნილი გაიგო, სინამდვილეში ვერაფერი გაიგო. ამ არჩევნების ყველაზე სამწუხარო შედეგი ჩემთვის იყოს ის, რომ “ოცნებაზე” გაბრაზებულმა ხალმა “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიცემა დაიწყო. მურუსიძე, ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი ახლა არ გაჩენილან. ბიძინა ივანიშვილის პირველი შეხვედრა პრემიერის რანგში კუბლაშვილთან შედგა, როდესაც პირველად გაფორმდა ეს პაქტი, მორიგება და გარიგება “ქართულ ოცნებასა” და ამ სასამართლო კორპუსს შორის, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთგული ყმა და მონა-მორჩილი იყო”, – აცხადებს კობა დავითაშვილი. 

მისივე თქმით, 2013 წელს, “კოალიცია ქართული ოცნება” იმის გამო დატოვა, რომ სასამართლომ, ერთ-ერთი ბრალდების საქმეზე “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია გაამართლა.
“ბოლო წვეთი იყო, როდესაც მომივიდა მესიჯბოქსი, სადაც ეწერა, რომ ბაჩო ახალაიას გამართლება თურმე სასამართლოს დამოუკიდებლობის ზეიმია. ჩვენ ამ “მესიჯს” დღეს ხშირად ვისმენთ. ამას კიდევ დაემატა “მესიჯი”, – ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და დღეს კარგი საქმეების კეთება დაიწყეს”, – აცხადებს კობა დავითაშვილი და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს. 

აღსანიშნავია, რომ ცნობილი პოლიტიკოსი და იურისტი კობა დავითაშვილი ქვეყნის V, VI, VII და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლოს, 2012 წელს, საკანონმდებლო ორგანოში ის კოალიცია “ქართული ოცნების” სიით მოხვდა, თუმცა 2013 წელს უმრავლესობა დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით 2016 წლამდე დარჩა.

მსგავსი თემები