გუშინ, პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების მცდელობისთვის მამა-შვილი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრბა ემუქრებათ.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს.
“დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – ვკითხულობთ შსს-ს გაცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დამყაჩაღებელმა მამა-შვილმა თანხის გატაცება ვერ მოახერხეს.
„ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.შ და ე.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა“ – აცხადებენ შსს-ში.
დამყაჩაღებლების მიერ ნასროლი ტყვია კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ტყვიაგაუმტარ შუშას მოხვდა, რომელმაც ორგანიზაციის ოპერატორიც გადაარჩინა და ორგანიზაციაც. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.