მასწავლებლის ხელფასი 1500-1800 ლარამდე უნდა გაიზარდოს – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მასწავლებლის ხელფასი, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, 1500-დან 1800 ლარამდე, ხოლო სფეროს დაფინანსება 4 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.    

როგორც პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” საღამოს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ინვესტიციების დიდი ნაწილი, დაახლოებით 7 მლრდ ლარი დაიხარჯება, რათა ქვეყნის ყველა რეგიონში არსებობდეს მაღალი სტანდარტების სკოლა.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ისინი არ დაიყოს პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ სკოლებად. ასევე, პრესტიჟული და ერთ -ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს პედაგოგის პროფესია.  

“​მიმდინარე წელს განათლების სფეროს დაფინანსება 1 600 მლრდ ლარი იქნება, იმის ფონზე,  როცა 2012 წელს, ჩავიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი მხოლოდ 600 მლნ ლარი იყო. მომავალ წელს ეს იქნება 2 მლრდ ლარი, 2021 წელს განათლების სფეროს დაფინანსება გახდება 2,5 მლრდ ლარი, ხოლო 2022 წელს – 3 მლრდ 400 მლნ ლარი. მომდევნო 10-წლეულების განმავლობაში, მიუხედავად იმისა ვინ მოვა ხელისუფლებაში, ყველას ვალდებულება იქნება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმუმ მეოთხედი განათლებაში მიმართოს. არ უნდა დავუშვათ, რომ 5-7 წლის განმავლობაში განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები და შემდგომ ის დაიკარგოს”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.     

მისივე თქმით, განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა გულისხმობს იმასაც, რომ ყველა სოფელში, რაიონსა და ქალაქში, ასევე ამოქმედდება პროფესიული სასწავლებლები, რომელთა კურსდამთავრებული ახალგაზრდები, სწავლის დასრულებისთანავე დასაქმდებიან. საქართველოს პროფესიული განათლების ცენტრების მიერ გაცემული სერთიფიკატები ვალიდური იქნება ევროპაშიც და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს ევროპაში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

უმაღლეს სასწავლებლებს რაც შეეხება, მამუკა ბახტაძის თქმით, რეფორმა ასევე გულისხმობს იმას,  რომ ქვეყანაში არსებული უმაღლესი სასწავლებლები მსოფლიოს ტოპრეიტინგებში მოხვდეს და საქართველო რეგიონში განათლებისა და მეცნიერების კერად იქცეს, “რაც არის ჩვენი ისტორიული მისია“, – განაცხადა პრემიერმა.  

მსგავსი თემები