მამუკა ხაზარაძე: ბანკი იძულებით დავტოვეთ, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ

დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმე უნდა განხილულიყო, მხარეთა შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, დღევანდელ მოსმენაზე უნდა გაკეთებულიყო განმარტებები და გარკვეულიყო, თუ რა მოხდა რეალურად.

„დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არანაირი ტრიბუნა არ სჭირდებათ, რადგან პოლიტიკოსები კი არა, ბიზნესმენები არიან და პარლამენტში მხოლოდ სიმართლის სათქმელად მოვიდნენ.

„როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ მოწვევა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე. ეს მოწვევა იყო როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან.

გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა.

ჩვენ მოვედით, რათა გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება, ე.წ. ბოტებით და „ფეიქნიუსებით“ შემოტევა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართველ ხალხს და საზოგადოებას, დეპუტატებს მივაწვდიდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის ჩაშლის შემდეგ, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმე უნდა განხილულიყო.

მსგავსი თემები