„ოფიციალური განაცხადი, ახალი ფრაქციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ჯერ არ შემოსულა“ – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ ფრაქციების დაშლის შემდგომ პროცედურულ საკითხებზე საუბრობს. მისი თქმით, იმისათვის, რომ მინიმალური რაოდენობით შექმნილი ფრაქცია, დეპუტატის წასვლის შემთხვევაში, არ დაიშალოს, საჭიროა, შვიდი დღის განმავლობაში, ის სხვა დეპუტატით შეივსოს.

მსგავსი პრობლემის წინაშე ამჯერად, ბექა ნაცვლიშვილის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“ აღმოჩნდა, იგივე პრობლემა შეექმნება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, თუკი დავით ჭიჭინაძე ფრაქციის დატოვებას გადაწყვეტს.

„პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ფრაქციიდან, რომელიც დეპუტატთა მინიმალური რაოდენობით, ანუ 6 დეპუტატით არის შექმნილი, ერთ-ერთი მაინც დატოვებს მას, აქვთ შვიდდღიანი ვადა, რომ ჩაანაცვლონ ის სხვა დეპუტატით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრაქცია დაიშლება. ასეთია პროცედურული ნაწილი.

ბატონმა ბექამ უკვე დატოვა უმრავლესობა, რაც შეეხება ბატონ დავით ჭიჭინაძეს, მას ოფიციალურად ფრაქციიდან წასვლა ჯერ არ დაუდასტურებია, ვიცი მხოლოდ ბექას პოზიცია. რა თქმა უნდა, იგივე პროცედურები იქნება გასავლელი იმ შემთხვევაშიც, თუკი ბატონი დავითი დატოვებს „პატრიოტთა ალიანს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.   

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ საჭიროების შემთხვევაში, ამ ორივე ფრაქციის გადარჩენა, გურამ მაჭარაშვილი პასუხობს, რომ ეს საკითხი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.  

„გადარჩენაში თუ გულისხმობთ იმას, რომ ვინმე წევრი შევიდეს ფრაქციაში, ეს დამოკიდებულია პირველ რიგში იმ ფრაქციაზე, რომელი ფრაქციიდანაც უნდა გადავიდეს დეპუტატი „სოციალისტებიდან“ ან „პატრიოტებიდან“ და ამავდროულად, იმ ადამიანზე, ვისაც შესთავაზებს ფრაქცია, რომ დატოვოს ერთი და გადავიდეს მეორე ფრაქციაში. ეს უკვე სუფთა ინდივიდუალური მოლაპარაკებების თემაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა „მთავართან“.

რაც შეეხება ვარაუდს, რომ მმართველი გუნდიდან წასული ადამიანები ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას აპირებენ, დეპუტატის თქმით, ახალი ფრაქციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განაცხადი პარლამენტში ჯერ არ შესულა.

„ახალ ფრაქციებთან დაკავშირებით, მოქმედი რეგლამენტით და ახალი კონსტიტუციითაც, არის ჯერჯერობით შენარჩუნებული ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც აქამდე არსებობდა. ანუ 6-კაციანი დეპუტაცია უნდა შეიკრიბოს, იმისათვის, რომ ფრაქცია ჩამოყალიბდეს.

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმასაც, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი მაჟორიტარია, თუ პროპორციული სიით გასული. ასევე, არის თუ არა იმ პარტიის წევრი, რომელ ფრაქციაშიცაა. ამ პიროვნებებმა, როგორც ვიცი, ფრაქციასთან ერთად, პარტიაც დატოვეს და ჯერჯერობით ოფიციალური განაცხადი, ახალი ფრაქციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, არ შემოსულა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.  

მსგავსი თემები