“ის იბრძვის, ცდილობს თავისი სიმართლე დაამტკიცოს” – მალხაზ კობაურის ადვოკატი

სამუდამო პატიმრობა მისჯილ, სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ, 19 წლის მალხაზ კობაურს სამარტოო საკანში გადაიყვანენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ციხის დირექტორის ნებართვის საფუძველზე, ოჯახის წევრების მონახულების საშუალება ექნება.  

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ კობაური გადაიყვანეს N8 პენიტენციალურ დაწესებულებაში, მან განესაზღვრება მკაცრი რისკი და იმის მიხედვით გადაიყვანენ შემდეგ რომელიმე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, იქნება ეს N8, N7, N6 თუ N3. 

“საქმეში არსებობდა პროცესუალური დარღვევები, როგორიც არის სამართლიანი სასამართლოს შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევა, ბრალდებულის მთელი რიგი უფლებების დარღვევა და ა.შ. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს. კობაური თავიდანვე საბრძოლოდ განეწყო. მისი უემოციურობიდან გამომდინარე შეფასებას ვერ გავაკეთებ. ის იბრძვის, ცდილობს თავისი სიმართლე დაამტკიცოს. აქ მთელი რიგი წინააღმდეგობებია.  საქმე უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა, აშშ-ს მთავარმა კონსულმა საქართველოში საქმის მიმდინარეობისას უამრავი საჯარო განცხადებები გააკეთა და მიმაჩნია, რომ ამითაც დაზიანდა კობაურის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე. 

მისივე თქმით, ყოველ დღე, დილის 11-დან ღამის 8-9 საათამდე აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები  სისტემატურად ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ სასამართლო განხილვებს.  

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული კობაურის ადვოკატები, სასამართლო ვერდიქტს ერთი თვის ვადაში, სააპელაციოში გაასაჩივრებენ. 

მსგავსი თემები