ზურაბ დათუნაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ პრივილეგიებს პირდებიან

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაცია დაზავებას სთავაზობს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უსამართლობის ხარჯზე, მისთვის ყველანაირი კომფორტი მიუღებელია.

„ჭიდაობის ფედერაციის სახელით, სასულიერო პირიც გამომიგზავნეს, რომ გავჩუმდე. მითვლიან, რომ ყველანაირად პრივილიგებული ვიქნები, ყველა ტურნირზე მე ვიქნები წარმოდგენილი. ვუთხარი, რომ სწორედ ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია, რომ სპორტში და ფედერაციაში პრივილეგიები არ უნდა იყოს. ზოგიერთებს ხმის ამოღების ეშინიათ, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს“ – აღნიშნული განცხადება ზურა დათუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციასთან შემდგომ თანამშრომლობას, როგორც გუნდის კაპიტანი ზურა დათუნაშვილი აცხადებს, ეს არ გამოვა, რადგანაც ძალადობა მისთვის მიუღებელია.

კითხვაზე, ისე ჩანს, თითქოს მთელი სპორტული ოჯახი, მათ შორის ვეტერანებიც ძალადობის მხარდამჭერები არიან და ფედერაციის პრეზიდენტს ამართლებენ, სად არიან თქვენი მხარდამჭერები, დათუნაშვილმა უპასუხა, რომ მას მხარდაჭერა არავისთვის უთხოვია: „არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა. ხალხო გამოდით და მხარი დამიჭირეთ, არ მითქვამს. ამ ეტაპამდე არ ვარ, თუმცა, მხარდამჭერები აქტიურად მირეკავენ და მათ შორის ისინიც, ვინც ფედერაციის პრეზიდენტს გულშემატკივრობდა. გარკვეული ადამიანები კი ურეკავენ ძიუდოისტებს და ითხოვდნენ შეიკრიბონ, გამოვიდნენ. მე ეს არ მჭირდება. სიმართლემ უნდა იზეიმოს და ვნახოთ, ჩემს მხარდაჭერებსაც დაინახავთ“.

როგორც დათუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, თუ ჭიდაობის ფედერაცია უსამართლო მმართველებისგან არ გათავისუფლდა, მას ქვეყნის დატოვება მოუწევს. ამავდროულად, იმედი გამოთქვა, რომ ეს ასე არ მოხდება.

მსგავსი თემები