“ათეული ათასობით პრემია გაურკვეველი დამსახურებისთვის გაიცემა” – კორუფცია ჭიდაობის ფედერაციაში

მწვრთნელი ზურაბ შელია, ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ათეული ათასობით ლარის პრემიები ერიცხებათ ისეთ ადამიანებს, რომელთა დამსახურებების შესახებ არაფერია ცნობილი.   

ზურაბ შელიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, საბანკო გადარიცხვების ერთი წლის ამონაწერი წარმოადგინა, რომლის მიხედვით 25 დღეში 100 ათასობით ლარის პრემიერი გაიცა.   

“ძალადობა თქვენი თვალით ნახეთ ტელეეთერით. ფედერაციაში არის სხვა პრობლემებიც, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით. პრემიების დარიცხვის შესახებ 25 დღის მონაცემები მაქვს. ეს არის ოფიციალური ამონაწერი ბანკიდან. 26 976 ლარი დაერიცხა ფალავანთა კლუბის დირექტორს, რისთვის დაერიცხა, რა დამსახურებისთვის, უცნობია. ასევე, ვიღაც გოგონას, რომელიც სამსახურში 2 თვის აყვანილია, ერიცხება 26 976 ლარის პრემია. ეს მაშინ, როდესაც საშხაპეში რიგში დგანან ბიჭები და ელემენტარული პირობები არ აქვთ”, – აცხადებს ზურაბ შელია.

მისივე თქმით, ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ შიშის გამო ერიდებიან ამაზე ღიად საუბარს. სპორტსმენს, რომელიც შედეგს დებს ოლიმპიურ ასპარეზობაზე, მსოფლიო პირველობაზე, ან ევროპის ჩემპიონატზე, დიდი ოდენობით პრემია ერიცხება, ხოლო მისი პირადი მწვრთნელი ამ თანხის 50%-ს იღებს. თუ სპორტსმენმა მიიღო 100 ათასი ლარის პრემია, მის პირად მწვრთნელს პარალელურად 50 000 ლარი ერიცხება.

“ვლადიმერ გეგეშიძეს, რომელიც არის ფედერაციის პრეზიდენტის, თამაზ (გეგა) გეგეშიძის ძმა და რომელმაც ერთი წლის წინ მიატოვა სპორტული კარიერა, უცებ გაუჩნდა რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონი და პრიზიორი მოწაფე თავის ვიწრო წრეში. ფინანსური დარღვევები აქვთ. სპორტსმენი ვინც დღეს შედეგს აკეთებს მსოფლიო ასპარეზობებზე, მათ სახელმწიფო ჯილდო ეკუთვნით. ამიტომ ეწერებიან მის მეორე მწვრთნელად, რომ აქედან ფინანსური სარგებელი მიიღონ. პირადი მწვრთნელისა და სპორტსმენის გადასაწყვეტია აიყვანენ თუ არა მეორე და მესამე მწვრთნელს. გეგეშიძესთან დაახლოებული მწვრთნელები მიდიან მათთან და მოითხოვენ ჩაწერონ მეორე მწვრთნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავლენ შეჯიბრებებზე”, – აცხადებს ზურაბ შელია. 

იგი სამინისტროს მოუწოდებს დაინტერესდეს ფედერაციის ფინანსური მდგომარეობით და იქ არსებული კორუფციული სქემებით.   

მსგავსი თემები