ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ხუთივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დაკავებულ ხუთ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და დუმილის უფლებას ინარჩუნებენ.

საქმეში ბრალდებულ ლაშა სიხარულიძეს ბრალად იარაღის შეძენა-შენახვა და განძრახ მკვლელობის მცდელობა ედება. მის ბიძას, ზაზა სიხარულიძეს, ასევე გიორგი დიდებულიძეს, მიხეილ ხაჩიძესა და ლევან პეტრიაშვილს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

პროკურორის თქმით, არსებობდა საშიშროება, რომ დაკავებულებს გათავისუფლების შემთხვევაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოეხდინათ.

ბრალდებულთა ადვოკატები სასამართლოს პოზიციას არასწორად მიიჩნევენ და სასამართლოს განჩინების გამოქვეყნების შემდეგ, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

მსგავსი თემები