ირმა ინაშვილი: აქამდე არ ვიცოდი, რომ გამოძიება “ალაგმვას” ნიშნავს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჩუგოშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი მხოლოდ იმის გამო არ დაუჭირა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ალაგმვა სწორად არ მიაჩნია.  

„ჩვენი რეზოლუციის კონტექსტში, იყო ძალზე უცნაური შეფასება, თითქოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის მთავარი ოპოზიციური პარტიების (სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფების) ალაგმვა პოლიტიკური ველიდან.

პირველი – არანაირი “მთავარი ოპოზიცია” არ არის არც გოცირიძე და არც ბოკერია.

მეორე – რეზოლუცია სამართლებრივ- პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვდა პარლამენტის მხრიდან, ცალკე პუნქტი ეხებოდა გამოძიების თემას. გამოძიების პრეროგატივა პროკურატურისთვის არავის წაურთმევია, მაგრამ აქამდე არ ვიცოდი, რომ გამოძიება “ალაგმვას” ნიშნავს, ახლა მეცოდინება.

მესამე – ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ქართულ დემოკრატიას არაფერი დააკლდება, თუ ზემოხსენებული პოლიტიკური ჯგუფები ჯერ მილევად რეჟიმში გადავლენ, ხოლო შემდეგ ეტაპზე დაასვენებენ ხალხსაც და ქვეყანასაც. რომ არა “ქართული ოცნება”, ეს ასეც მოხდებოდა“, – წერს ინაშვილი.

მისი თქმით, ოპონენტებს, რომლებიც მათ რეზოლუციას აკრიტიკებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებასთან დაკავშირებით, საერთოდ არა აქვთ წაკითხული მისი ტექსტი.

„ვაკვირდები და ოპონენტებს, რომლებიც ჩვენს რეზოლუციას დიდი ენთუზიაზმით აკრიტიკებენ, საერთოდ არა აქვთ წაკითხული ამ რეზოლუციის ტექსტი. რომან გოცირიძე (გარდა იმისა, რომ პარლამენტის ულვაშიან ლუი დე ფიუნესად იქცა) სამარცხვინოდ ატყუებს ნაცმოძრაობის რიგით წევრებს, რომლებსაც, დასჯის კუთხით, ეს რეზოლუცია არანაირად არ ეხება“ , – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.  

მსგავსი თემები