დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად, საჭიროა 2 მეფის ცხედრის ექსჰუმაცია, რაზეც ვერ წავალთ – ადვოკატი

ტელეკომპანია “პირველი არხის” ინფორმაციით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორიაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ითხოვს, მის ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს “საქართველოს სამეფო სახლის” სახელის გამოყენება აეკრძალოს. ეჭვების გასაფანტად კი, სვეტიცხოვლიდან ორი მეფის ცხედრის ექსჰუმაციაა საჭირო, რასაც მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

“სასამართლოში ჩვენი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება. რეალურად, იმ ეჭვების გასაფანტად, რაც ჩნდება, გვჭირდება სვეტიცხოვლიდან ორი ცხედრის ექსჰუმაცია და ბუნებრივია, ამ ჭორების გასაფანტად ამხელა რაღაცაზე ვერ წავალთ“, – აცხადებს ადვოკატი.

როგორც ცნობილია, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის. დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატის თქმით კი, “სანდო წყაროსგან” აქვთ ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში ჩატარდა დნმ-ის ანალიზი, რითაც დადასტურდა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში, სიხარულიძეა. 

დავის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები